Tuesday 13 January 2015

წერილი სანტას

ძვირფასო სანტა, როგორ ხარ? დიდხანს ვიფიქრე, მომეწერა შენთვის თუ არა და აი, ბევრი ყოყმანის შემდეგ გწერთ კიდეც... 
ჩემო ძვირფასო სანტა, ალბათ საკმაოდ დიდი ვარ იმისთვის, რომ მჯეროდეს შენი და გწერდე დიდი მოლოდინებითა და ბავშვური სიხარულით. წლების ცვალებასთან ერთად მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ადრე წერილს სანტა კლაუსს კი არა და თოვლის ბაბუას ვწერდი, თან ვწერდი ფურცელზე, ვდებდი კონვერტში და შემდეგ ნაძვის ხის ქვეშ ვინახავდი. მერე შენ მოდიოდი ხოლმე, ჩემს წერილს მალულად იღებდი და საახალწლოდ ნაძვის ხის ქვეშვე მხვდებოდა ის, რასაც მოკრძალებულად გთხოვდი. ალბათ გახსოვს, როცა გთხოვდი ხოლმე რამეს, ყოველთვის ჩემი მშოლებისთვის გთხოვდი. ვუყურებდი მათ, როგორ შრომობდნენ და წვალობდნენ არსებობისათვის, თავის გადარჩენისათვის, ერთადერთი შვილის უკეთესი მომავლის შექმნისათვის და მეც მათთვიის გთხოვდი გამუდმებით, ბავშვური ასაკისათვის შეუსაბამო თხოვნებს გწერდი და შენც მისრულებდი, სულ მისრულებდი...
თოთხმეტი წლის შემდეგ აღარ მომიწერია შენთვის. დიდი თოვლი მოვიდა იმ წელს. საერთო ბინის ეზოში მარტოდმარტომ გავაკეთე თოვლის ბაბუა. ლამაზად და ამაყად აღიმართა თეთრწვერა ბაბუ ნახშირის თვალებით, სტაფილოს ცხვირით, ხელში ცოცხითა და თავზე სათლით. სახლს მივაშურე, რომ ჩემი ქმნილების ცქერით დავმტკბარიყავი ფანჯრიდან და აღარ დამხვდა ეზოში ჩემი თოვლის ბაბუა, მომპარეს თვალსა და ხელს შუა. ძალიან მეტკინა მაშინ, ძალიან. თითქოს ჩემი ბავშვობაც მოიპარეს და ხეშეშ სამყაროს შევეჩეხე მწარედ. არ მეგონა მაშინ, თოვლის ბაბუასაც თუ იპარავდნენ. მალე წერილების წერასაც მოვეშვი, რადგან ნაძვის ხე, რომლის ქვეშაც ვდებდი კონვერტს, საახალწლოდ ყოველთვის მამიკოს მოჰქონდა ხოლმე ჩემთვის, მისი სიკვდილის შემდეგ კი ჩუმ-ჩუმად გესაუბრებოდი ხოლმე და შენც არასდროს მტოვებდი.
მე ვგრძნობ, რომ შენ მუდამ ჩემს გვერდით ხარ, ამიტომაც არ ვპარავ სხვებს არც თოვლის ბაბუებს, არც ღიმილებს, არც სიკეთეს, არც სიყვარულს, პირიქით... მინდა ასე იყოს ყველა, პატარებიც, ბავშვებიც, დიდი ბავშვებიც, პატარა დიდებიც და დიდებიც...




ძვირფასო სანტა, წინასწარ გილოცავ დამდეგს...